okianuri da sanapiro formebi - Selfi

 

კონტინენტის წყალქვეშა კიდის მოსწორებული ნაწილი, რომელიც ეკვრის ხმელეთს: ახასიათებს მომიჯნავე ხმელეთის მსგავსი გეოლოგიური აგებულება. შელფის საზღვრებია – ზღვის ან ოკეანის ნაპირი და გნდე. წყლის სიღრმე გნდის თავზე დაახლოებით 100-200 მ-ია, (ზოგჯერ 500-1500 მ, მაგალითად: ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილისა და ახალი ზელანდიის შელფებზე).

შელფის საერთო ფართობი დაახლოებით 32 მლნ. კვ. კმ-ია. ამასთანავე იგი იკავებს მსოფლიო ოკეანის ფართობის 8,6%-ს. ყველაზე ვრცელია ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის მომიჯნავე შელფი, რომლის სიგანე 1,5 ათ. კმ-ს აღწევს. მეტად განიერი შელფი გვხვდება ასევე ბერინგის ზღვაში, ჰუდსონის ყურეში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროებზე.

შელფს ძველთაგანვე იყენებდნენ თევზჭერისა და ზღვის ცხოველების რეწვისათვის (შელფზე იჭერენ თევზის 92%). შელფზე ფართოდ არის გაშლილი სასარგებლო წიაღისეულის ძიება და მოპოვება. შელფზე მოიპოვებენ ნავთობს, აგრეთვე ქვიშრობულ სასარგებლო წიაღისეულს (კასიტერიტი, ტიტანმაგნეტიტი, ალმასი, ოქრო და სხვ.).